ქართული ფოლკლორის საკრავები



ქართული ფოლკლორის საკრავები
წყარო
უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული. ქართული მუსიკალური ფოლკლორის ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია უავტორობა, ანუ ანონიმურობა, ერთობლივი, ანუ კოლექტიური შემოქმედება, ვარიანტების მრავალფეროვნება, იმპროვიზაციულობა, ზეპირი გადაცემის ტრადიცია. ქართული სიმღერები, ძირითადად, სამხმიანია, თუმცა არის ერთხმიანი და ორხმიანი სიმღერებიც. გურულ და აჭარულ შრომის სიმღერებში კი ოთხხმიანი სიმღერებიც გვხვდება. გუნდში ხმების სახელწოდებებია: I ხმა – მოძახილი (წვრილი, გამყინავი, კრიმანჭული); II ხმა – მთქმელი (დამწყები); III ხმა – შემხმობარი (ეს განსაკუთრებული ხმა ემატება მხოლოდ ოთხხმიანობისას); IV ხმა – ბანი. ქართულ სიმღერაში ფრიად ორიგინალური მოვლენაა კრიმანჭული. კრიმანჭული ძალიან რთული შესასრულებელია, რადგან მას განსაკუთრებული ხმა და ძალიან დახვეწილი შესრულების ტექნიკა სჭირდება. ამიტომ კრიმანჭულის შემსრულებლები ძალზედ ცოტაა.
საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:
1. ჩასაბერი საკრავები – სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში — ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);
2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი – ფანდური, ჩონგური, ჩანგი;
4. ხემიანი — ჭუნირი, ჭიანური;
3. დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა.
ქართული ხალხური ხის ჩასაბერი საკრავი, ძირითადად მზადდება ლერწმისაგან. აქვს ფლეიტის ტიპის ღია მილი, 6-9 თვალით (ნახვრეტით). დიაპაზონი იზრდება გადაბერვის წესით. არსებობს უენო (უძველესი) და ენიანი სალამური, რომელსაც აქვს ძალზე რბილი, ნაზი ტემბრი და მდიდარი ტექნიკური შესაძლებლობები. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში.გუდასტვირი
ჩასაბერი საკრავი, ტყავის ტომარაში ან გუდაში ჩამაგრებული რამდენიმე სტვირი. სხვადასხვა სახელწოდებით გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც (რაჭაში – გუდასტვირი, აჭარაში – ჭიბონი). მესტვირეს შეუძლია ერთდროულად დაუკრას, იმღეროს და იცეკვოს კიდეც..სოინარი
ქართული მრავალღერიანი სალამური გვხვდება დასავლეთ საქართველოს ორ კუთხეში: სამეგრელოსა (ლარჭემი) და გურიაში (სოინარი). შედგება (აწყობილია) სხვადასხვა სიგრძის ექვსი მილისაგან. მილები შეკრულია კანაფით და ხის ქერქით. მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. გურული სოინარი უფრო მინიატურულია, მეგრული ლარჭემი შედარებით დიდია. ყურადღებას იქცევს ლარჭემისა და სოინარის მილთა განლაგება.

ფანდური
ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი “გატეხდა ფანდურს”: ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე “გატყდებოდა ფანდური” სოფლელთათვის, ახლობლები კი “გვლოვას” განაგრძნობდნენ.
ჩონგური
ქართული ხალხური ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავი, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა). აქვს აბრეშუმის 4-5 სიმი. ჩონგურზე დაკვრის ტექნიკა, ფანდურთან შედარებით, განსხვავებული და, ამდენად, მრავალფეროვანია. უფრო ხშირად გამოიყენება ქალთა სიმღერების, აგრეთვე, ცეკვების თანხლებისათვის.
ჩანგი
ქართული ხალხური გამოსაკრავი სიმებიანი საკრავი, არფის მაგვარი. აქვს 6-9 ცხენის ძუის ან აბრეშუმის სიმი. ქალთა საკრავია, ძალზედ ნაზი ტემბრის ბგერით. გამოიყენება სიმღერის თანხლებისათვის. ძირითადად შემორჩენილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სვანეთში.
ჭუნირი
ქართული ხალხური სიმებიან-ხემიანი საკრავი, მრგვალი კორპუსითა და გრძელი ყელით. აქვს ცხენის ძუისაგან დამზადებული 3 სიმი. აქვს რბილი, სუსტი ბგერა, ჭიანურისაგან განსხვავებით, დღესაც გამოიყენება სვანეთში. დაკვრის დროს შემსრულებელი ზის და ჭუნირი მუხლზე აქვს დადებული.
ჭიანური
ქართული ხალხური სიმებიან-ხემიანი საკრავი, მრგვალი კორპუსით, გრძელი ყელითა და საყრდენით, აქვს ცხენის ძუისაგან დამზადებული 2-4 სიმი, სუსტი, მაგრამ ძალიან ნაზი, რბილი ხმოვანება, შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობები. ძირითადად გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის თანხლებისათვის. გავრცელებული იყო იმერეთში, რაჭაში, ფშავში, ხევსურეთში. დღეს თითქმის მივიწყებულია.
დოლი
ქართული დასარტყამი საკრავი. გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება. ძირითადად ცეკვისა და საფერხულო სიმღერების თანმხლებია. მასზე მამაკაცები უკრავენ. დღეისათვის დასარტყამებიდან ყველაზე აქტიურად გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში.
დიპლიპიტო
დასარტყმელი საკრავი, შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოპხით “თხის ფეხუნებით”. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმ. შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს.
დაირა
დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ, სისქე – 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა უძველესი საკრავია.

ტამტამები



No comments:

Post a Comment